სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალციხეში გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ადგილობრივმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკულ განათლების მეთოდზე დაფუძნებული (CA) ტრენინგი ჩაატარეს. საინფორმაციო შეხვედრისას, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ფერმერებმა ორფოლოში ქერისა და შვრიის სადემონსტრაციო მინდვრები მოინახულეს. ადგილზე გაეცნენ მარცვლოვანი კულტურების “ნულოვანი დამუშავების” ტექნოლოგიით მოყვანის უპირატესობებს, ასევე თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი და ხარჯეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგს FAO-ს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. აგრონომმა ალესანდრა გუიდოტიმ ადგილობრივ ფერმერებს შიდა ქართლის რეგიონში ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო, რატი ხარშილაძემ მათ FAO-ს გამოცდილება გაუზიარა, კახეთის რეგიონში FAO-ს ექსპერტმა სერგეი ბოკარევმა კი აგროდრონებით სასოფლო კულტურების დამუშავების ტექნოლოგიაზე პრეზენტაცია წარმოადგინა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მოქმედმა ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. აღსანიშნავია, რომ FAO ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიის დანერგვის პროგრამას ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში 2020 წლიდან ახორციელებს. სამცხე-ჯავახეთში ქერისა და შვრიის პირველი სადემონსტრაციო მინდვრები 2023 წლის გაზაფხულზე მოეწყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, მამა გრიგოლი, ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა
19/07/2023