„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

01/12/2022

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის და სამველ მანუკიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, პირველი მოსმენით განიხილა. სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გელა სამხარაულმა ცვლილებების მომზადების მიზნებზე ისაუბრა.

„კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებული ჩანაწერების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობას, და ცვლილებები ასევე ადგენს რიგ ახალ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც დასახელებული სტატუსის მქონე კოოპერატივებს მოეთხოვებათ“, – აღნიშნა გელა სამხარაულმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა, რადგან ცვლილებების 2023 წლის 1 იანვრამდე მიუღებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა 80%-ის სტატუსის შეწყვეტის საკითხი. კანონპროექტი ცვლილებებსა და დამატებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით ითვალისწინებს, როგორიცაა, პაის ოდენობა, მეპაიეთა რაოდენობა, მოგების განაწილება, ინვესტორი წევრი და სხვა. საკუთარი წესდებების ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ან ამ სტატუსის მიღების მსურველ კოოპერატივებს, დამატებით ერთი წელი მიეცემათ და მათი შესრულებისთვის ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
​სხდომაზე განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0