სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძირეული ელემენტებია

18/05/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში თემაზე: „ვერთიანდებით ევროპისთვის“ სიტყვით გამოვიდა.
“ძვირფასო კეტრინ, კოლეგებო, მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის პატივია ევროსაბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მე-4 სამიტში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ჩვენი მიღებისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის. საუბარი მინდა დავიწყო იმის ხაზგასმით, რომ საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე, რაც გაწერილია ევროკავშირის წესდებაში და კონვენციაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის შესახებ. დღეს ევროპა იმყოფება ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით, რითაც ირღვევა გაეროს წესდების, ჰელსინკის დეკლარაციისა და ევროსაბჭოს წესდების ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მომდინარეობს 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან, როდესაც რუსეთი აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს ჩვენთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ქვეყანამ ამ ომის შედეგად დიდი დანაკლისი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ, ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი და მშვიდობის ფასიც. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ რამდენიმე ომი გამოვიარეთ. კარგად ვაცნობიერებთ, რა მოაქვს ომს და ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უზრუნველვყავით ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში. აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და სამყარო ვეღარ იქნება იგივე. ვერავინ იპოვის გამოსავალს მარტო დგომით ამ რთული ვითარებიდან. ამიტომ გვჭირდება ერთობა და გლობალური კონსოლიდაცია ახალი, სამართლიანი წესრიგისთვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. ძვირფასო მეგობრებო, ბოლო წლებში მსოფლიოს ირგვლივ დემოკრატიებმა გამოსცადეს მრავალი გამოწვევა, რითაც გამოცდის ჩაბარება მოუწიათ მათ საფუძვლებს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში დემოკრატია ძლიერი და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ღირებულებებისადმი, რაც მას უდევს საფუძვლად, მათ შორის, თავისუფლება, თანასწორობა და კანონის უზენაესობა.
ჩემს მთავრობას აქვს ხედვა, რომელიც გულისხმობს ძლიერ ქვეყანას, რომელიც ერთგულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი. ეს ასახულია ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც აუცილებელია დემოკრატიისთვის: სასამართლო და საარჩევნო სისტემები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების დაცვა, სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, პროგნოზირებადობის დამკვიდრება ქართველი ხალხის სასიკეთოდ.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი მთავრობა ქმედით და ეფექტიან პოლიტიკას ახორციელებს, განამტკიცებს ხედვას და დინამიკურ მოქმედებებს ახორციელებს. სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძირეული ელემენტებია. სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის 4 ტალღის შედეგად და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, ასევე მედიის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში იქმნება მყარი საფუძველი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ასევე მედიისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებების უზრუნველსაყოფად. დღეს, ამ სფეროებში ნდობით სავსე გარემო აღიარებულია ცნობილი ორგანიზაციების – Transparency International-ის, World Justice Project-ის, Freedom House-ის მიერ, რომლებიც საქართველოს ლიდერად მიიჩნევენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საერთო ჯამში, საქართველო განვითარდა და ჩამოყალიბდა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და ჩვენი ძალისხმევა დადებითად ფასდება საერთაშორისო დონეზე. ამ მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შევიტანეთ და ეს იყო კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის დიდი ხნის არჩევანზე. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამით განამტკიცა ევროკავშირში საქართველოს მომავალი. განზრახული გვაქვს, რომ სწრაფად მოხდეს წინსვლა ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე. კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდგომი საეტაპო მოვლენა იქნება ამ მიმართულებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ გულდასმით ვიმუშავეთ თითქმის 12-ვე რეკომენდაციაზე, რომლებიც საქართველოს განესაზღვრა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ჩვენი საერთო ისტორია ცხადყოფს, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ გააჩნია მსოფლიოში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო რჩება ერთგული ჩვენი საერთო პრინციპებისა და ღირებულებების დაცვის მიმართ და მოუთმენლად ველით ევროსაბჭოს ფარგლებში თქვენთან თანამშრომლობას და წინსვლ”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0