„მაესტროს“ სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.
მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად ის გარემოება დაასახელა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებობს მხოლოდ წინარე ხელშეკრულება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არ ნიშნავს, რომ წილი გასხვისებულია.
მხარეებს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.