სასამართლომ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

06/02/2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, ამავე დაწესებულების შვიდი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ სცნო.
სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების ო.ფ.-ს, ნ.მ.-ს, მ.ღ.-ს, ზ.ხ.-ს, ვ.გ.-ს, დ.ჩ.-ს და დ.ნ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.
ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ განურჩევლად ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.
მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.
ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ.-მ და მ.ღ.-მ განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის წამება, რომელმაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამორჩეული ძალადობის შედეგად განიცადა მძიმე ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა.
სასამართლო განხილვისას დაიკითხა 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ასევე, გამოკვლეულ იქნა ორ ათეულ ტომად წარდგენილი სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეომასალა.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ო.ფ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (წამება) და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით და 9 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. აღსანიშნავია, რომ ო.ფ. მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად მას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დაუდგინდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ.ღ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით(წამება) და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ამავე განაჩენით ნ.მ., ზ.ხ., ვ.გ., დ.ჩ. და დ.ნ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და განესაზღვრათ 4 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 3 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0