სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო

23/10/2017

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსის ლ.კ.-ს ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ლ.კ.-ს ბრალი ედებოდა ადვოკატ გ.მ.-ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ.მ-სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან დ.ბ-ისთვის გაწეული იურიდიული კონსულტაციის – ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების არჩევის გამო. ლ.კ-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ.კ.-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენის მიღებისა და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0