თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გ.ო. დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლის 15 და 17 ოქტომბერს გ.ო-ს ორგანიზებით, იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დ.შ. და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.
გ.ო.-მ თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა თითქოსდა დ.შ. უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. 2011 წლის 15 ოქტომბერს, გ.ო.-ს ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დ.შ. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა დ.შ.-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გ.ო.-მ საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
გ.ო.-მ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლ.მ., რომელიც შპს „დაო-პრინტი“-ს მიერ დამზადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა. გ.ო.-მ ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლ.მ.-სგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ ლ.მ.-ს მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დ.შ.-სთვის და ლ.მ.-სთვის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ო დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლომ თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გ.ო. დამნაშავედ სცნო
07/11/2017