სასამართლომ თაღლითობისთვის ბრალდებულ ადვოკატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

20/04/2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხის დაუფლებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე დაზარალებულებს ატყუებდა, თითქოსდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და პირდაპირი კავშირები ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის უმაღლეს თანამდებობის პირებთან და მთავრობის წევრებთან. ახერხებდა რა დაზარალებულების ნდობის მოპოვებას, ირაკლი კვინტრაძე არწმუნებდა მათ, რომ საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან პირადი ურთიერთობის მეშვეობით, ქრთამის მიცემის გზით შეძლებდა დაზარალებულებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეღავათიანი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიღწევას და მათთვის სასურველი შედეგით დასრულებას. ამ გზით ადვოკატი ირაკლი კვინტრაძე მოტყუებით დაეუფლა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ თანხას 13 700 აშშ დოლარის და 7150 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კვინტრაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0