სასამართლომ დ. ახალაია და გ. დგებუაძე ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე დამნაშავედ სცნო

21/12/2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, დავით ახალაია დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 369-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ასევე, ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი დგებუაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გიორგი დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის მიერ სამაგალითო სისასტიკით იქნენ ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები – 17 წლის შოთა გორგაძე, 20 წლის რომან სურმანიძე და 22 წლის მარად ართმელაძე. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით, იმავე ღამით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას მიერ, სასურველი ჩვენების მისაღებად მოხდა 6 პატიმრის (მათ შორის მოკლული შოთა გორგაძის ძმის – გია გორგაძის) წამება.
ვინაიდან დავით ახალაია და გიორგი დგებუაძე თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, დავით ახალაიას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ხოლო გიორგი დგებუაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო პატიმრობა და მათ მიმართ მიმდინარეობდა ძებნა.
2016 წლის 22 მარტს, ძებნილი გიორგი დგებუაძე საქართველოში ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდების სამეფოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ახალაიას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა: განზრახ მკვლელობისთვის 16 წლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 წლით, ხოლო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, დ. ახალაიას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლომ გიორგი დგებუაძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის 12 წლით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, გ. დგებუაძეს საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელთა შთანთქმისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
მეგის ქარდავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0