თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული თენგიზ კაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 14 ნოემბერს, ქ.თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე თენგიზ კაცია და თენგიზ ფერცელიძე სხვა პირებთან ერთად საერთო მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულების დასრულების შემდეგ 15 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე თენგიზ კაციას და თენგიზ ფერცელიძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს თენგიზ კაციამ განზრახ მკვლელობის მიზნით თენგიზ ფერცელიძეს დანით 10 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ოთხი სასიკვდილო გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად თენგიზ ფერცელიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად თენგიზ კაცია დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თენგიზ კაცია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
12/07/2016