სასამართლომ ბრალდებულ ზ. ფეიქრიშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

07/11/2016

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზურაბ ფეიქრიშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ზურაბ ფეიქრიშვილი და ვასილ ქამხაძე სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. მეორე დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, კონფლიქტით განაწყენებული ზურაბ ფეიქრიშვილი მივიდა ვასილ ქამხაძის საცხოვრებელ სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების ყელში წაჭერის გზით ვასილ ქამხაძე მოახრჩო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზურაბ ფეიქრიშვილი იმავე დღეს ქ. კასპში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ფეიქრიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0