საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ერეკლე კეჟერაშვილი უხელმძღვანელებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის შედეგად დაინიშნა. ერეკლე კეჟერაშვილს მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია ტრანსპორტის სფეროში რეფორმებისა და მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში იგი იყო „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში” ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზაციის (OTIF) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო 2023 წლის მაისში „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვის მიზნით დაწყებული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ამ რეფორმის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება, რათა საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას.
სააგენტოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში – პირველ ეტაპზე სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, სარკინიგზო ოპერატორების, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო სასწავლო დაწესებულებების და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების მიმართულებით.
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ერეკლე კეჟერაშვილი უხელმძღვანელებს
02/07/2023