ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სტიქიისგან დაზიანებული ადგილები მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. 23 აპრილს ძლიერმა ქარმა განსაკუთრებული ზიანი ოზურგეთში დაბა ნარუჯისა და დაბა ლაითურის მოსახლეობას მიაყენა. დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. 25 სოფელში გრიგალის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრობელ სახლებს ქარმა სახურავი გადახადა. ბოლო მონაცემებით, ზარალი მილიონნახევარ ლარზე მეტია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. „ზარალი დიდია. გუშინდელი გრიგალის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზარალდნენ. საერთო ჯამში, გადახდილია 300-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, 15 მრავალბინიანი კორპუსი, 4 საბავშვო ბაღი და 1 ბიბლიოთეკა. კოორდინირებულად ვმუშაობთ გურიის სამხარეო ადმინისტრაციასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
25/04/2017