საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე იმსჯელა

21/12/2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს. რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი ოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად ხდება ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივება.

„აღნიშნული რეზოლუციის მიღებით პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ვალდებულებას აიღებს. ამით აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განუხილვევლად დატოვების პრაქტიკა; კომიტეტები უზრუნველყოფენ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულ განხილვას; პარლამენტის ბიურო მხოლოდ დასაბუთებულ შემთხვევაში მიიღებს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას; ბიურო უზრუნველყოფს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანას; შემუშავდება ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად; რეზოლუციის პროექტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეზოლუციის შესრულების ანგარიში უნდა წარადგინოს სესიის განმავლობაში ერთხელ მაინც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი ნათლად არეგულირებს საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივის წამოწყებისა და განხორციელების პროცედურებს. ასევე რეგლამენტითაა განსაზღვრული საპარლამენტო სუბიექტი, ვისაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ საუბარი უნდა გვქონდეს არა რეგლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე, რადგან რეგლამენტში საკითხები სწორად არის დარეგულირებული, არამედ საუბარი უნდა გვქონდეს უფრო მეტად პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაზე და პრაქტიკის დანერგვაზე, რომ ოპოზიციის კანონპროექტების განხილვა გონივრულ ვადაში მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც ვერ დაარეგულირებს რეგლამენტი, როგორიცაა მათ შორის პარლამენტში პოლიტიკური თანაცხოვრების თუ პოლიტიკური კონკურენციის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0