საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

26/01/2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.
კერძოდ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) მუდმივმოქმედი დელეგაცია. რაც სამი ძირითადი ადგილით განისაზღვრა. მისი განცხადებით, სხვა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის კვოტები უცვლელი რჩება. დეპუტატებმა დღეს აგრეთვე მოისმინეს ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების თაობაზე. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტების სხდომებზე თანამდებობის პირთა სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის საკითხს. მისივე განცხადებით, პარლამენტის კომიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 3 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ და არც ერთ ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. ასევე, არცერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით.
​კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს და კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა და საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0