საპროკურორო საბჭოს წევრებმა საქართველოს სახალხო დამცველს მოუსმინეს. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის ორგანოებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საპროკურორო საბჭოს 28 ნოემბრის სხდომაზე მთავარი პროკურორის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საბჭოს წევრებს სახალხო დამცველის საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიწვევა შესთავაზა, რათა საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროცესების შესახებ ომბუდსმენს საბჭოს წევრებისთვის საკუთარი ხედვები, შეფასებები და მოსაზრებები გაეცნო. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის ანგარიში. საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, რაც გამოიხატება როგორც ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებაში. 2016 წელს საქართველოს პროკურატურაში განხილულ იქნა და პასუხი გაეცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსულ 780 მომართვას, ხოლო 2015 წელს საქართველოს პროკურატურაში განხილულ იქნა და პასუხი გაეცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსულ 820 მომართვას. საქართველოს მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ან/და პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე. 2016 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მომართვები წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით 50%- ით შემცირებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის წინადადებებიც. 2016 წელს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. შეხვედრაზე განხილულ იქნა არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება, საპროკურორო საბჭოს ფუნქციები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მოქმედი საპროკურორო საბჭო 14 წევრისგან შედგება და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
საპროკურორო საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველს მოუსმინეს
22/12/2016