საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია

07/02/2020

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. საქართველოს გენერალური პროკურორობის შესახებ განაცხადი თავდაპირველად, 17-მა პირმა შეიტანა, რომელთაგან ორმა კანდიდატურა მოხსნა. 6 თებერვლის სხდომაზე საპროკურორო საბჭომ დარჩენილ 15 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით 4 კანდიდატი გამოავლინა. საბჭოს მხრიდან ირაკლი შოთაძემ მიიღო 10 ხმა, სოფიო შენგელიამ – 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ – 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0