საპარტნიორო ფონდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლის მსურველებს კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს

05/05/2016

საპარტნიორო ფონდისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის თანამშრომლობის საფუძველზე წარჩინებული ქართველი სტუდენტისთვის ოთხწლიანი სამაგისტრო გრანტი გამოიყო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 2015 წლიდან საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველია.
„სინძიანის პედაგოგიური უნივერსიტეტი“ 1995 წელს იუნესკოს ( UNESCO) ცნობილი საერთაშორისო უნივერსიტეტების სიაში შევიდა. საპარტნიორო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე სინძიანის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში შერჩეული კანდიდატის სამაგისტრო პროგრამის სრულად დაფინანსებაზე.
წარჩინებულ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სინძიანის უნივერსიტეტის რეგიონალური ეკონომიკის, ან საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღოს.
სინძიანის უნივერსიტეტი თავის თავზე იღებს სტუდენტის სრულ დაფინანსებას. რეგისტრაციის ხარჯებს, სასწავლო გადასახადის თანხას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასა და განთავსებისთვის საჭირო ერთჯერად ფულად დახმარებას. ასევე, სამედიცინო დაზღვევას. სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 3.000 იუენის ოდენობით (500$-მდე).
ქართული საფინანსო ინსტიტუტებიდან ერთერთი კანდიდატი კი პეკინის „ცინხუას უნივერსიტეტში“ კვალიფიკაციის ამაღლებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის რეკომენდაციით შეძლებს. სტაჟირების შეთავაზება საპარტნიორო ფონდმა ჰონგ-კონგური პარტნიორი კომპანია „ორიენტალ პატრონისგან“ მიიღო.
კანდიდატის სრულ დაფინანსებას ჩინური მხარე უზრუნველყოფს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლის მსურველისთვის აუცილებელია:
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ბაკალავრის ხარისხი, ან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ცნობა;
• კანდიდატის ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრულია 35 წლამდე.
სასურველია ჩინური ენის საბაზისო ცოდნა.
მსურველებმა გამოაგზავნეთ მოკლე ბიოგრაფია და პირადი მონაცემები.
Mail: info@fund.ge

Tweet about this on TwitterShare on Facebook0