საპარლამენტო უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს:
“26 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები.
ამ ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც ძირითადი კონსტიტუციური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ, პირიქით, სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, რაც ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან.
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოჰყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან – ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ.
ვინაიდან, ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის სამომავლოდ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, მოვუწოდებთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა.
საპარლამენტო უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს
28/07/2017