საპარლამენტო უმრავლესობა ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად

17/03/2020

„ახალი კორონავირუსი (COVID 19) 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე.წ. თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, სამწუხაროდ, ეს პირები არ იჩენენ სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს, რითიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს დავაინიცირებთ კანონპროექტს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 15 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირის მიერ, დამრღვევ პირს უკვე დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, რაც შედეგად გამოიწვევს პირის ნასამართლეობას.

„ჩვენი ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებს ვირუსთან ბრძოლის საშუალებებს და ამ ახალი საკანონმდებლო მექანიზმის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბრძოლა ამ ვირუსთან იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, რათა ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ ამ ვირუსის საფრთხისგან და ჩვენს ქვეყნაში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს გარანტირებული და დაცული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0