საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოში ვიზიტით მყოფ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნაზე, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს. ასევე ხაზი გაესვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტს.
„ჩვენ ყველამ ერთხმად ვთხოვეთ დელეგაციის წევრებს, რომ გაითვალისწინონ ქართველი ხალხის და პოლიტიკური სპექტრის განწყობა. გაითვალისწინონ ამ პარლამენტში არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები, არამედ ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტებიც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიტანა განხილვაზე, მაგრამ მათ ჩვენ მივიღებთ და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, რათა გაგრძელდეს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციისკენ. ამ საკითხში ყველა ერთსულოვანი ვართ.ასევე, ვისაუბრეთ, გუშინ, სოფელ კირბალთან მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრებს ვთხოვეთ, რომ თავიანთ სახელმწიფოებს საკუთარი არხებით მიაწოდონ ეს ინფორმაცია, რომ სათანადო პოლიტიკური შეფასება მიეცეს რუსულ აგრესიას, რომელიც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს იწვევს. ამ საკითხებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა უპირობოდ გვაქვს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.