საპარლამენტო დელეგაცია ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

02/04/2023

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქ. კორკის მერს დიედრა ფორდს შეხვდა. მხარეებმა თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და კულტურულ და ტურისტულ სფეროებში კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა კორკის საგრაფოსა და აჭარის რეგიონს შორის არსებული დაძმობილების ხელშეკრულების მნიშვნელობას. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ კორკსა და ბათუმს შორის ურთიერთობების უფრო მეტად გააქტიურებას განათლების, ვაჭრობის, ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმის განვითარების, კულტურათაშორის ცნობიერების ამაღლების და გარემოს დაცვის მიმართულებებით. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კორკის მერს, ქართული საკვირაო სკოლისთვის „ფესვები“ უსასყიდლოდ საკლასო ოთახების და საკონცერტო დარბაზის გამოყოფისთვის, სადაც ქართველი ბავშვები ქართულ ენას, ისტორიას, ქართულ სიმღერას და ცეკვას შეისწავლიან. დეპუტატები საკვირაო სკოლას ესტუმრნენ, სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, დელეგაციის წევრები მათ საჭიროებებზე ესაუბრნენ და მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები გადასცეს. საკვირაო სკოლა „ფესვები“ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ძალისხმევით დაფუძნდა, სადაც დღეს 32 მოსწავლე ირიცხება. ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქ. კორკში ვიზიტით დასრულდა. საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. ​დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი და ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გიორგი ზურაბაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0