გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, გამყოფი ზოლის მახლობლად, ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნა. პროექტი ამერიკის საელჩოს, სამხედრო ინჟინერთა კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სკოლის გახსნის ღონისძიებას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა დაესწრნენ. სამსართულიან შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 800 000 დოლარი დაიხარჯა. გამოიცვალა სახურავი, შეიცვალა კარ-ფანჯარა და იატაკი, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კიბეებს, განახლდა სველი წერტილები, ასევე, შემოიღობა სკოლის პერიმეტრი. განახლებული ქვეშის საჯარო სკოლა 247 მოსწავლესა და 37 პედაგოგს მოემსახურება.
“დღეიდან ჩვენი მოსწავლეები და პედაგოგები განახლებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს, ამისთვის კი პირველ რიგში მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, ეს არის კიდევ ერთი დასტური ორი ქვეყნის მეგობრობისა. განათლების ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ პროცესში ამერიკის მთავრობა მხარს გვიჭერს. ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ახლარრეაბილიტირებული სკოლა საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებსა თუ პედაგოგებს ყველანაირი პირობა ჰქონდეთ შექმნილი.” – აღნიშნა რწმუნებულმა.