საოკუპაციო რეჟიმი, შეზღუდვები, აზარალებს არამხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებს და ოსებს

19/07/2017

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ საუბარი, რადგან ისინი წარმოადგენენ ჩვენს ინტერესებს პარტნიორ ქვეყნებში, რომელთა მხარდაჭერა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა „ამბასადორიალი 2017“ ფარგლებში გამართული თემატური პანელის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე: ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, უკანონო დაკავებებზე და სხვადასხვა დარღვევებზე, რომლებიც მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას ადგილებზე კიდევ უფრო აუარესებს.
“მთავრობა უკვე დგამს და მომავალშიც აპირებს გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჰუმანიტარული გამოსავლების მოსაძებნად, ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვადასხვა სერვისის შესათავაზებლად, როგორიცაა უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება, გარემოს დაცვის და სხვა საკითხები. საოკუპაციო რეჟიმი, შეზღუდვები, აზარალებს არამხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებს და ოსებს. მავთულხლართებით დაშორებული საზოგადოება ორივე მხარეს იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არის დინამიური, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა კვლავ იყოს ძალიან სოლიდური, გაცილებით ძლიერი.” -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საქართველოს ინტერესების დასაცავად, აღნიშნა მათი განსაკუთრებული როლი და დამსახურება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0