საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება

01/02/2017

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 10 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის შედეგად სასმელი წყლის პრობლემა 11 ათასზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოუგვარდება.
პროექტის ფარგლებში აშენდა ჭაბურღილები, საქლორატოროები და სადაწნეო კოშკები. სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები (დიცი, ფლავი, ფლავისმინი, ფხვენისი, მერეთი, ქორდი, წითელუბანი, ზემო სობისი, ბოჟამი, ხვითი) სასმელი წყლით მარაგდებოდა, 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა საერთო ღირებულებამ 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სამუშაოებზე 50 – მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება, რომლის დასრულების შედეგად აღნიშნული სოფლები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0