სანდრას წარდგენა ჩვეულებრივი ხრიკია

19/08/2016

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დასახელება პოლიტექნოლოოგიური ნაბიჯია. ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილს სურს, შექმნას ილუზია, რომ ის კვლავ ”ნაციონალურ მოძრაობაშია”, თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეალურად სააკაშვილი მოსახლეობას მის მიერ შექმნილ ახალ პროექტს, ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს სთავაზობს.

”აშკარაა, რომ ახალი ბლოკი, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის პროექტია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ”ნაციონალური მოძრაობა 2”. ”ნაციონალური მოძრაობა” თავისი თარგამაძეებით, ბოკერიებით, ბარამიძეებით, გოგორიშვილებით აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და დისკრედიტირებულ ძალაში სააკაშვილს არ უნდა, რომ ფული ჩადოს, სწორედ ამიტომ ხელოვნურად გამოაცალკევა ჯაფარიძე და ვაშაძე ჩაძირული გემიდან, შექმნა ეს ერთობა, რომელსაც მიუერთა ბურჭულაძე. მე მივესალმები ამ მარტივ პროექტს, რადგან საზოგადოებას მარტივი ანალიზი დასჭირდება იმისთვის, რომ დაინახოს მათი სახე. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც სააკაშვილს, ”ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში რომ გაემარჯვათ, ზუსტად იმ იდეოლოგიის მატარებლები იქნებოდნენ და იმ სადისტური პოლიტიკის ტაშის დამკვრელები იქნებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს პოლიტიკურად გათვალეს, რომ ამ ჩაძირული გემიდან დროზე უნდა გადმომხტარიყვნენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელება, ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას არ უკავშირდება.

”ყველა დანარჩენი პროექტი, რაც არის ტაქტიკურ დონეზე გადაადგილებები, წმინდა პოლიტექნოლოგიური ნაბიჯებია და სანდრას წარდგენა, უკავშირდება არა ქართულ პოლიტიკაში, რაიმე სიტყვის თქმის საშუალებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და მრავალფეროვნების მცდელობა. ვითომ სააკაშვილი, თავისი ცოლით მიკუთვნებულია ”ნაციონალურ მოძრაობას”, რეალურად კი გვთავაზობს ახალ პოლიტიკურ გუნდს ბურჭულაძე-ჯაფარიძე-ვაშაძის სახით”, -განაცხადა სესიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0