ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. როგორც ბაქრაძემ განმარტა, ნებისმიერ ასეთ საკითხთან დაკავშირებით საერთაშირისო საზოგადოების აზრი არის მობილიზებული და ერთიანი.
”ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის და სტანდარტის დარღვევა. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის იგნორირებით განხორციელებული ქმედება და ამას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება”, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, – განაცხადა თიბილოვმა.