სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა – ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 14 უკრაინული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო. ინფორმაციული ტური ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ხორციელდება. უკრაინელი სტუმრები სამცხე-ჯავახეთში 3 დღის განმავლობაში დარჩებიან და მის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან. მათ ახალციხეში უკვე მოინახულეს რაბათის ციხე. დაგეგმილია სასტუმროებისა და სხვა თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მონახულებაც.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები პირადად მიიღო და რეგიონში არსებული რესურსების შესახებ ინფორმაცია მათ დეტალურად მიაწოდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება-განვითარების მიმართულებით რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებთან ერთად, აქტიურად მუშაობს. მსგავსი ტიპის ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, რათა მოხდეს უცხოელი ტურისტების მოზიდვა და რეგიონის ცნობადობის ამაღლება. ამ პროცესების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოება. ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, ტურიზმის განვითარების მიმართულებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვა რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც. 16 აპრილს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, 3 რეგიონი ერთობლივად იმუშავებს ტურიზმის ხელშეწყობისა და ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით. იგეგმება მასშტაბური ღონისძიებების დაწყება, რათა ამ სამი რეგიონის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობა და ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
სამცხე-ჯავახეთში უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები რეგიონის ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან
18/04/2019