საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში დაფინანსებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოინახულა.
ქ. ახალციხეში ნათენაძის ქუჩის, მიმდებარედ არსებული სკვერების და გიორგი ბრწყინვალეს მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება, საერთო ჯამში, განახლდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობები და რეაბილიტირდება 6 სკვერი.
ადიგენში დასრულების ეტაპზეა, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური უბნის ურბანული განახლების სამუშაოები, თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტირდება 5 შენობა და მიმდებარე სკვერები, შენობების განახლებასთან ერთად, წესრიგდება მიმდებარე საფეხმავლო ზოლიც.
დაბა ასპინძაში, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, დასრულდა ასპინძის ომის მემორიალის მიმდებარე ინფრასტრუქტურის და სამკუთხა სკვერის რეაბილიტაცია.
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ახალ ბაღში ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახების გარდა, მოეწყო გარე სივრცეებიც მოცემულ ეტაპზე, დაწყებულია საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესი.
დაბა ასპინძაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტის 3.4 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსებით, 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც აწარმოებს, სკოლა, რომელშიც მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, ყველა სტანდარტისა და რეგულაციის შესაბამისად რეაბილიტირდება, ეწყობა წყალმომარაგების, კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგების და ვენტილაციის სისტემები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე სრულდება „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები
15/07/2022