სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების გადანაწილებას შეძლებენ

29/03/2022

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა.

„ეს ტერიტორია, სადაც წლების წინ იყო კორტები, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, 2009 წელს გასხვისდა, კორპუსების მშენებლობის მიზნით, წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე, ქალაქისთვის. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ კორტების პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავალო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

„მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი – ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები. ძალიან ლამაზი პროექტია და არსებულ სივრცეს ძალიან მოუხდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა, ძალიან მალე გვექნება ყოველმხრივ მოწესრიგებული სივრცე. ეს პროექტი ძალიან კარგად ჯდება არსებულ ურბანულ ქსოვილში და მივესალმებით მის განხორციელებას. როგორც მოსახლეობას დავპირდით, კორტები იქნება აღდგენილი, მას დაემატება საცურაო აუზი, ფიტნეს-ზონა და დასასვენებელი სირცეები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების გადანაწილებას შეძლებენ. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე და შეჩერებული პროექტების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

„2019 წლიდან შევზღუდეთ K2 კოეფიციენტის გადამეტება. ქალაქში მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ სწორად უნდა განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს K2-ის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა გავაცნო. ეს ეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომელთაც აქვთ შესყიდული K2 კოეფიციენტი. ეს კომპანიები მოსაკრებელს ვერ იხდიან. ამის გამო, მშენებლობები გაჩერებულია, ასევე, მუნიციპალიტეტისადმი მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ. სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, შევჯერდით, რომ დავუშვათ K2-ის განწილვადება. კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ვადიანი აბონემენტებია. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლებელი იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათებს მიებას. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული სერვისის ამოქმედების შედეგად, მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს, რადგან საბანკო ბარათზე ნებისმიერი ვადის აბონემენტის ჩართვის შესაძლებლობა იქნება.

„როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა, მაშინვე ვთქვით, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. დღეის მდგომარეობით, 55 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, ამ საკითხზე მუშაობდა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, ეს აბონემენტები საბანკო ბარათს მიებას და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადის აბონემენტი. დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდეთ ყველაფერი, ზუსტად როდიდან იქნება ამ სერვისის ამოქმედების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს.

„თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს – 2 აპრილს, სიახლით ხვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. პირველი აპრილიდან, ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170–ით გაიზრდება და 1 545 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს კი, ერთი ცენტრი დაემატება და სულ, პროგრამას რვა დაწესებულება მოემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მაშინ მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო.

„მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. გარდა ამისა, თავიდან თუ თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან, პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. თბილისის მერიას ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად, წელიწადში 4 800 ლარი აქვს გათვალისწინებული და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის დაწყებით თბილისმა ბევრ სხვა მუნიციპალიტეტს მისცა მაგალითი. გარდა ამისა, მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე პირების მხარდაჭერა მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ასევე, მნიშვნელოვანია ამ ოჯახების და ახალგაზრდების მხარდაჭერა. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ. გასაზრდელი იქნება დაფინანსება? რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და გავზრდით; დასამატებელი იქნება ისეთი ორგანიზაციები, სადაც შესაძლებელია ამ პროგრამის განხორციელება? დავამატებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი ეწყობა. მისი თქმით, აღნიშნული სპორტული მოედანი დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა, დაზიანებული იყო და განახლებას საჭიროებდა.

„მინდა, შევეხო ერთ სპორტულ სივრცეს, რომელიც წყნეთში, ამილახვრის N23-ში მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს იყო საფეხბურთო მოედანი, სადაც იმართებოდა ტურნირები, შეჯიბრებები და ეს სივრცე იყო მოძველებული. გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული მოედნით სარგებლობა და ვაკის რაიონის გამგეობამ დაიწყო მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლება. უახლოეს მომავალში პროექტი დასრულდება და ეს კონკრეტული ადგილი კვლავ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აქტიურ ადგილად იქცევა. არსებული სივრცე მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. მოეწყობა ტრიბუნები, ახალი ხელოვნური საფარი, ღამის განათება. ამდენად, რაც საჭიროა სპორტული მოედნის მოსაწყობად, ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამ პროექტის განხორციელებას სრულად უზრუნველყოფს ვაკის რაიონის გამგეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაზე, დაახლოებით, 281 000 ლარი დაიხარჯება. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის საჯარო ბაღებში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების მიღება დაიწყო. კახა კალაძემ N69 საბავშვო ბაღში მომხდარი ისტორიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა.

„ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით რას ნიშნავს. მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია, გარდა ერთი რამისა – ორივე ქალბატონი ოდესღაც აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა, დღეს რუსულმა აგრესიამ ისინი ისევ შეახვედრა ერთმანეთს. მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მან რიგით მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„იცით, რომ დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი მორიგი ტვირთის გაგზავნა უკრაინაში. ბელიაშვილის N5-ში გვაქვს ლოგისტიკური ცენტრი, სადაც ამ ტვირთების შეგროვება ხდება. მასში ჩართულები არიან რიგითი ადამიანები, ბიზნესსექტორი. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო. არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს, ოჯახს აკლებენ და გარკვეული პროდუქტი, ტანსაცმელი ამ საწყობში მოაქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, ავთანდილ კობახიძე წარუდგინა. ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატია.

„მინდა, საზოგადოებას გავაცნო თბილისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული, მშრომელი, კვალიფიციური ადამიანი – ავთანდილ კობახიძე. ჩვენი სიძლიერე და წარმატება ასეთ ადამიანებზე დგას. საბედნიეროდ, ბევრი ასეთი პროფესიონალი ადამიანი გვყავს. შეიძლება ხშირად მე ვასოცირდებოდე გარკვეულ პროექტებთან, მაგრამ ჩემ უკან 30 000 ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი ქალაქის გალამაზებისთვის, მოწესრიგებისთვის მუშაობს. კიდევ ერთხელ მადლობა ავთანდილ კობახიძეს. ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატია, რომელიც თბილისის მეტროს გახსნის დღიდან ამ საქმით არის დაკავებული. მისი საქმიანობა უკვე 56 წელს ითვლის. მაშინ, როდესაც თბილისის მეტროს ბოლო მგზავრი ტოვებს, სალიანდაგო და გვირაბ-ნაგებობათა სამსახურის თანამშრომლები იწყებენ ღამის მოვლა-შენახვის სამუშაოებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0