სამუშაო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში

08/11/2016

სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მცხეთა-მთიანეთის მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისაგან მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ქალაქ მცხეთაში სპორტული კომპლექსში მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე ფინალურ ეტაპზეა კულტურის სახლის მშენებლობა და სამომავლოდ შენობა თანამედროვე აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. ახალგორის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება და ექსპლოატაციაში სრული დატვირთვით სარწყავი სეზონის დადგომისთანავე შევა. გამგებლის თქმით სოციალურად დაუცველი 107 ოჯახი ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად დაკმაყოფილდება საშეშე მერქნით. საკურორტო ზონაში, კერძოდ გუდაურში, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის გუდაურის გადმოსახედის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადდება სატენდერო კონკურსი. უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრისთვის, სოფელ წეროვანის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტების ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით, აშენდება ცხოველთა რეგიონალური თავშესაფარი. სოფელ საგურამოში იწყება შიდა გზების მოწყობის საპროექტო სამუშაოები და სანიაღვრე სისტემის სრული რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით, დაისვა რეგიონალური ლაბორატორიის მშენებლობის საკითხი. შეხვედრაზე, ააიპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა გიორგი ატაშვილმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0