სამტრედია-გრიგოლეთის II ლოტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

17/08/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული პროექტი, დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტთა შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს: 18.5 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძის, მიწისქვეშა გასასვლელელების, საქონლის და საველე გასასვლელების მშენებლობას.

ამ ეტაპზე გზის საფუძვლისა მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაიზრდება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0