სამინისტრო განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

15/09/2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 ახალ სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.
აქედან, უკვე დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, 33 ახალ სკოლაში სამუშაოები წელს სრულდება, დანარჩენი 25 სკოლა კი მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.
60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლები აშენდა ქვემო ქართლის რეგიონის 4 სოფელში – იმერში, ენაგეთში, საღრაშენში და მუხროვანში, შიდა ქართლის რეგიონის 3 სოფელში – კოდისწყაროში, წინარეხსა და ოთარაშენში, კახეთის რეგიონის სოფელ ბოდბეში აშენდა 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოფელ მოხეში დასრულდა 200 ბავშვიანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტები ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული მოედნებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვას. სკოლები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB, NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიითაა გათვალისწინებული, წელს, პანდემიით გამოწვეული აუცილებლობის გამო, 725 სკოლაში დაიგეგმა სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები, უმეტეს შემთხვევაში, ეზოებში არსებული საპირფარეშოების ძირითად შენობასთან მიერთებას ითვალისწინებს. აქედან 521 სასწავლო დაწესებულებაში სამუშაო უკვე დასრულდა, ხოლო იმ სკოლებში, სადაც რემონტი ჯერაც მიმდინარეობს და 10 ოქტომბრამდე დასრულდება, ყველგან არსებობს ალტერნატიული სველი წერტილები დროებითი სარგებლობისთვის. წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0