სამინისტროში ჟურნალისტებს „საქსტატის“ წერილის შინაარსი გააცნეს

06/05/2016

საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ 3 მაისს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების შესახებ მედიაში გავრცელებული მოსაზრებების გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. ვიცე-პრემიერის მიერ გადაცემაში დასახელებული მონაცემების სიზუსტესთან და სანდოობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ წერილი მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ბოლქვაძემ გააცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში. ვიცე-პრემიერმა აღნიშნულ გადაცემაში წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემების შემცველი ინფორმაცია ეკონომიკური ზრდის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, დასაქმების და კიდევ რამდენიმე სექტორის შესახებ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის დასადასტურებლად მივმართეთ საქსტატს, შესაბამისად წარმოგიდგენთ პასუხს“ – განაცხადა თეა ბოლქვაძემ.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „საქსტატის“ წერილის შინაარსი ჟურნალისტებს გააცნო:
„გიგზავნით პრეზენტაციაში მოყვანილი მონაცემების შეფასებას „საქსტატის“ კომპეტენციის ფარგლებში: მონაცემები ეკონომიკური ზრდის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, დასაქმების და ხელფასების, უთანაბრობის (ჯინის კოეფიციენტი), სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპების და ექსპორტის დივერსიფიკაციის შესახებ სრულად დაფუძნებულია „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებზე.“ ეს გახლავთ „საქსტატის“ მიერ გამოგზავნილი პასუხი“ – განაცხადა თეა ბოლქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0