სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

02/11/2016

მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. მმართველი გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში ნელ-ნელა იკრიბებიან. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები გრძელდება, თუმცა თავად მასში არ მონაწილეობს.
„მე მოვედი, რადგან შიდაპარტიული საკითხები მაქვს გასარკვევი და დასაგეგმი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები არის უშუალოდ პრემიერის პრეროგატივა.

„ის დააკომპლექტებს მთავრობას, რომელსაც წარადგენს პარლამენტში. ჩვენი მხარდაჭერა ექნება, რადგან მაღალი ნდობა აქვს პრემიერს და ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევის საკითხს, ხუნდაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი პოზიტიური კანდიდატი ამ თანამდებობაზე.

„ჩემი ხმა მას ერთმნიშვნელოვნად ექნება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ უსუფაშვილთან თანამშრომლობა “მეგობრულ კონტექსტში” წარმოუდგენია და “პოლიტიკურში – არა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0