სამეცნიერო კონფერენცია – „ბიომრავალფეროვნება და საქართველო”

19/05/2016

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მე-2 სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება და საქართველო” ტარდება. ღონისძიება თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსმა ნონა ხელაიამ გახსნეს.
კონფერენცია დაყოფილია ორ თემატურ სექციად. საუბარი იქნება მცენარეთა მრავალფეროვნებაზე ბოტანიკურ ბაღებსა და ბუნებრივ ჰაბიტატებში. ასევე, საქართველოს სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნებაზე, მათ დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე.
„ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. გარდა ამისა, კონფერენცია ეძღვნება ბოტანიკურ ბაღში სამკურნალო მცენარეთა განყოფილების დაარსების 100 წლისთავს. ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სფეროს განვითარებისთვის, როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ისე შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით“ , -განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
კონფერენცია, ზეპირი მოხსენებების პარალელურად, სასტენდო მოხსენებებს მოიცავს.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული, ბათუმისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღების, ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის, ეკოლოგიის ინსტიტუტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის მერიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0