სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება პატრიარქის განცხადებაში ასახულ პათოსს

20/09/2018

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კონკორდატის შესრულებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება საპატრიარქოს თითოეულ განცხადებას, განსხვავებით მისი ოპონენტებისგან.

„იქ იყო საუბარი კონკრეტულ განცხადებებზე. ამაზე გაამახვილა ყურადღება ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ იმ განცხადებას და პოზიციას, რომელიც ჩვენ გვესმის საპატრიარქოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ერთ-ერთი, რაც განგვასხვავებს ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც დღეს მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას და ამით განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი ოპონენტებისგან. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და ჩვენი ოპონენტები არიან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან დაკავებულნი წლების განმავლობაში ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებით და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენი ხელწერა არის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ქმედება. იქაც იყო გამახვილებული ყურადღება კონკრეტულ განცხადებებზე, რომელიც არ ასახავს, რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციას და ეკლესიის დამოკიდებულებას არჩევნებისადმი. ეკლესიის დამოკიდებულება არჩევნებისადმი იყო სათანადოდ ასახული და ძალიან სწორად ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეს არის ჭეშმარიტება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0