საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ნებისმიერ მსურველს გავუზიარებთ

20/04/2016

როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, საერთო განვითარებისა და ფინანსებთან წვდომის თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვნად ჩამორჩება თბილისს. ეკონომიკური სარგებლის განაწილების თვალსაზრისით კიდევ უფრო რთული სიტუაცია არის თვითმმართველი ქალაქებისა და სოფლების შედარებისას. სამწუხაროდ, რეგიონული და სოფლად არსებული ბიზნეს სექტორი დაბალი კონკურენტუნარიანობითა და პროდუქტიულობით ხასიათდება. სოფლად მოპოვებული მცირე შემოსავლების ათვისება ძირითადად ხდება დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებისკენ. მოხდეს რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაცია და პერიფერიებში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება, რაც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივ მკვიდრთა შორის მიგრაციის მაჩვენებლის შემცირებაზე იმოქმედებს. იმ გარემოებას, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, განავითაროს კერძო სექტორი და ხელი შეუწყოს მეწარმეობის წინსვლას, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ენერგიული მეწარმეების, ბატონების კოტე ჯაოშვილისა და ზურაბ მარსაგიშვილის წამოწყება, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან მეტად საინტერესოდ გამოიყურება და სამომავლოდ დიდი პერსპექტივები გააჩნია…

კოტე ჯაოშვილი.
შპს „ოქროს ბიბილოს“ ხელმძღვანელი:

– ფრინველები და ზოგადად, მეფრინველეობის დარგი, ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. მოგვიანებით, როდესაც ინტერნეტით ბიო-მეურნეობების და პატარა ფერმების სუფთა და უსაფრთხო წარმოების ინფორმაცია მოვიძიე, გამიჩნდა სურვილი, მსგავსი რამ, ჩემს ქვეყანაში გამეკეთებინა. სწორედ ამ მიზნით, სოფელ მუხრანში 3000 კვ/მ მიწის ნაკვეთი შევიძინე და საკუთარი მეურნეობის ჩამოყალიბება დავიწყე, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ განვითარების პროცესშია. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვიყვანეთ მეკვერცხული ფრანგული და ამერიკული ჯიშის ქათმები, რომელთაც უნიკალური თვისებები გააჩნიათ. ჩვენს მეურნეობაში გვყავს ფრანგული “მარანსის” ჯიშის ქათმები, რომლებიც დებენ შოკოლადისფერ კვერცხებს აღნიშნული კვერცხი მთელ მსოფლიოში ითვლება ყველაზე გემრიელ და ყველაზე უსაფრთხო კვერცხად ვინაიდან მისი ნაჭუჭი იმდენად სქელია, რომ მასში სალმონელას ჩხირი ვერ აღწევს. ასევე გვყავს ამერიკული `ამერაუკანას” ჯიშის ქათმები, რომლებიც მომწვანო-მოცისფრო კვერცხებს დებენ აღნიშნული კვერცხი კი სხვა კვერცხისგან განსხვავებით ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს. გვყავს ასევე ფრანგული”ბრესის” ჯიშის მეხორცულ მიმართულების ქათამი, რომელსაც განსაკუთრებული მარმარილოსებრი ხორცი აქვს, 1957 წლიდან გააჩნია ადგილწარმოშობის სერთიფიკატი და დაცულია ევროპული კანონმდებლობით. მეურნეობაში ქათმების გარდა გვყავს ფრანგული სელექციის “მუშკის” იხვი, რომელიც იძლევა ყველაზე დიეტურ ხორცს. მასში ცხიმის შემცველობა მხოლოდ 16% და გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებით. ამასგარდა გვყავს ამერიკული სელექციის “ჯუმბო პეკინის” ჯიშის იხვები, რომლებიც გამოირჩევიან ზრდის მაღალი ტემპით მათი ჭუჭულები ერთი თვის ასაკში 2კგ, ხოლო ორი თვის ასაკში 4,5კგს აღწევენ. ქათმებისა და იხვების გარდა მეურნეობაში გვაქვს მწყერის ფერმა, სადაც გვყავს, როგორც ტეხასური გიგანტის ასევე ჯორჯიის გიგანტის მწყერი მათი ცოცხალი წონა 500 გრამამდეა ხოლო ჯორჯიის გიგანტი სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით აბსოლუტურად თეთრი ფერის კვერცხს დებს.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და როდიდან აპირებთ პროდუქციის მიწოდებას ფართო მომხმარებლისთვის?
– ამ ეტაპზე მხოლოდ „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელს ვამარაგებთ ამერიკული ჯიშის მწყერის კვერცხით. ხოლო, ქართულ ბაზარზე, უფრო აქტიურად ამა წლის შემოდგომიდან შევალთ. ამისათვის საჭიროა დავხვეწოთ რამდენიმე კომპონენტი -კიდევ უფრო განვავითაროთ მეურნეობა, ვაწარმოოთ საკუთარი საკვები პროდუქტი, რომელსაც ჩვენს სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე მოვიყვანთ, ავამაღლოთ ხარისხი და მუდმივად ვაკმაყოფილებდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი ნაწარმი გათვლილი იქნება მაღალი მოთხოვნის მქონე კლიენტებზე, რომლებსაც კარგი გემოვნება გააჩნიათ და შესაბამის ხარისხსაც მოელიან. ყველასთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მუდამ ველით დაინტერესებულ პირებს, არა მარტო მეფრინველეობის, არამედ, მეცხოველეობის კუთხითაც, რომლის თაობაზეც, ჩემი მეგობარი, ზურაბ მარსაგიშვილი მოგახსენებთ.
ზურაბ მარსაგიშვილი.
შპს `ბერთა მთას“ ხელმძღვანელი:

– ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ სხვადასხვა რგოლები – მიწათმოქმედება (ბოსტნეულის მოყვანა, ბახჩეული, სასათბურე მეურნეობა, მევენახეობა, მებაღეობა) მეცხოველეობა (წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, მსხვილფეხა, ჩლიქოსანი, მებოცვრეობა) და მეფრინველეობა. აღნიშნული მეურნეობები ერთიმეორისათვის მასტიმულირებელ ორგანოს წარმოადგენს. იდეა იმაშია, რომ ჩამოვაყალიბოთ მეურნეობათა ერთიანობა, რაც საშუალებას მოგვცემს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიქმნას. ცალკეული მეურნეობებისთვის რთულია ერთიანად წარმოქმნას პროდუქცია და შესაბამისი ბაზარი გამოუძებნოს. ამისთვის შეიქმნა შპს “ბერი-ბერა” , რომელიც მეურნეებს არსებული ნაწარმის რეალიზაციაში დაეხმარება. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 20 სახეობის სხვადასხვა კულტურის ჯიშები, რომელიც გამოიყენება საკვებწარმოებაში. მეცხოველეობის კუთხით, ავსტრიიდან შემოყვანილია თხის ჯიშები, რომელთაგან ერთ-ერთი „ზაანური ჯიშისაა“ და მაღალპროდუქტიულობით გამოირჩევა, ასევე გვყავს „ალპური ყავისფერი“, რომელიც მთელს ევროპაში ფართოდაა გავრცელებული, ხოლო მესამე ჯიშია – „ბურების თხა“, რომლის მამრის წონა 90-110 კილოგრამს, ხოლო დედალი 60-70 კილოგრამს აღწევს და კონკრეტულად მეხორცული მიმართულებით ვამრავლებთ. გარდა ამისა, მოვაშენეთ ორი ჯიშის ცხვარი – „ოსტფრილანდური“, გერმანული ჯიშის, ნახევრად წმინდა ბეწვით, ასევე მეხორცული მიმართულებით და მეორე „მერინოსის“ ჯიშის სახეობა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ხორცით ხასიათდება და ზრდის საკმაოდ დიდი ტემპი აქვს – იდეალური კვების პირობებში, დღის განმავლობაში, დაახლოებით 300 გრამს იმატებს. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმაში გამოიხატება, რომ მხოლოდ ორგანულ ბიოლოგიურად სუფთა საკვებით ვზრდით.
– როდის უნდა ველოდოთ მეურნეობის სრული დატვირთვით ამოქმედებას?
– როგორც მოგახსენეთ, ჩვენს მეურნეობას აქვს თვითონ საკვებწარმოება, რაც ძირითადად ისეთ ტექნიკურ საკვებ კულტურებს აერთიანებს, როგორებიცაა სიმინდი, ქერი, ხორბალი, შვრია, ბარდა, სოიო, მზესუმზირა, ცერცველა… შევიმუშავეთ გაერთიანების ინოვაციური პრინციპი და პროდუქციის რეალიზებასაც სწორედ ასე ვაპირებთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი, გამართული, რენტაბელური მეურნეობა, რომელიც ოჯახური ტიპის საწარმოზეა გაანგარიშებული და სტაბილური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მანამდე ადაპტაციის პერიოდი მიმდინარეობს, რომელიც იმედია, მალე დასრულდება. ჩვენი პროდუქცია გადამუშავებული სახით მიეწოდება მომხმარებელს და მის მოთხოვნას, როგორც გემოს მხრივ, ისე ვიზუალურად და ესთეტიურად სრულად დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე, მთავარია მოიძებნონ ამ დარგის მოყვარული და ერთგული ადამიანები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით მიუდგებიან საკუთარ საქმეს. უახლოეს მომავალში, ნატახტარში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, სადაც დაინტერესებულ მეურნეებს შეეძლებათ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რჩევები და კონსულტაციები, ასევე ადგილზევე გაეცნონ მიმდინარე პროცესებს, ნათლად დაინახონ არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ჩვენი მთავარი მიზანია ვანახოთ შედეგი და დავდოთ მაგალითი, ამიტომ გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოში მეწარმეობის ამ მიმართულების გასავითარებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0