საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას ხმაური მოჰყვა

15/04/2016

თბილისის საკრებულოში მერიის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას ხმაური მოჰყვა. საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გაიტანა. საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ზაზა ვეკუამ თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ იგი ამ საკითხს მხარს არ უჭერს.
ვეკუას თქმით, საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს აუდიტორული დასკვნა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. მისი განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტს აუდიტორული დასკვნა არ ახლავს. ვეკუას თქმით, ახლახან აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა თბილისის მერიის 6 თვის აუდიტის შედეგები, რომელშიც საუბარია საბიუჯეტო თანხების არარაციონალურ გამოყენებაზე. ზაზა ვეკუა დაინტერესდა, რას უნდა დაეყრდნონ დეპუტატები იმისთვის, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს თანხმობა მისცენ.
სხდომაზე ზაზა ვეკუას მოთხოვნას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. ასევე უმრავლესობის დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია და უმრავლესობის სხვა დეპუტატები კი აცხადებდნენ, რომ კანონი აუდიტის დასკვნის წარდგენას არ ითვალისწინებს. მათივე თქმით, არსებობს საკრებულოს იურიდიული კომისიის დასკვნა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, რაც საკითხის დასამტკიცებლად საკმარისია.
საბოლოოდ საკითხს მხარი დაუჭირა 21 დეპუტატმა, 3-მა თავი შეიკავა, 5 კი – წინააღმდეგ წავიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0