საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიშის მოისმინეს

25/10/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიშის მოსმენა გაიმართა, რომელიც საკრებულოს წევრებს პრეზენტაციის სახით თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა.
შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად უძღვებოდა, დეპუტატებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში პირველ ეტაპზე განსახორციელებელი გადაუდებელი ცვლილებების, საცხოვრებელი ზონის სახეობების ბალანსის, ასევე თბილისის საინჟინრო-გეოლოგიური და განაშენებული ტერიტორიების განვითარებითი პოტენციალისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მერაბ ბოლქვაძემ მიაწოდა.
პრეზენტაცია, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების კითხვებს ამოწურავი პასუხები გაეცა.
გენერალური გეგმის განახლების თაობაზე 9 თვის ანგარიშის მოსმენაზე დეპუტატებმა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის, ლანდშაფტის ზონებისა და გარემოსდაცვისა და ურბანული ოპტიმიზაციის საკითხებზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელების, საფეხმავლო არეალებისა და პარკირების რეგულირების ზონების შესახებაც იმსჯელეს.
შეხვედრას საკრებულოს წევრების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0