თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მასშტაბით გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი საკონკურსო სხდომა გაიმართა, სადაც აღნიშნული კომისიის, ასევე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე ექვსი კონკურსანტის ნამუშევრები წარუდგინა.
როგორც ლია ჯახველაძემ განმარტა, აღნიშნული კონკურსის ჩატარება ქალაქში აბრების განთავსების პროცესის სისტემატიზაციისა და დიზაინის ხშირი ცვლის თავიდან აცილებით იყო განპირობებული. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ წარმომადგენლობითი ორგანო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის დადგენილების თანახმად, უფლებამოსილია დაადგინოს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი დიზაინი და ფორმები, 2015 წლის ივნისის მიწურულს, გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კონკურსის მიზანს ურბანული გარემოს ინფორმაციულობის ამაღლება და გარემოს ესთეტიკური გაუმჯობესება, აგრეთვე აბრების საუკეთესო დიზაინის შერჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა წარმოადგენს.
საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე, რომლის შემადგენლობაც 2015 წლის დეკემბერში დამტკიცდა, კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ ნიმუშებთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებები წარადგინეს. დამატებით რეკომენდაციებს კი, ისინი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას წერილობით მიაწვდიან.
კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს უახლოეს დღეებში გამოავლენს, რის შემდეგაც კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულ ნიმუშზე საავტორო უფლებები საკრებულოს მიენიჭება. ამის შემდეგ კი, წარმომადგენლობითი ორგანო გეოგრაფიული ობიექტების აბრების საბოლოო დიზაინს თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან ერთად განსაზღვრავს.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და საკრებულოს წევრები რატი იონათამიშვილი და იოსებ მანჯავიძე შედიან. საკრებულოს წარმომადგენლების გარდა, კომისიის წევრები არქიტექტორები, ენათმეცნიერები, სცენოგრაფები, მხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან.
საკრებულოში გეოგრაფიული ობიექტების აბრების დიზაინის შესარჩევი საკონკურსო სხდომა გაიმართა
22/01/2016