საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

26/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თამარ ტალიაშვილის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული პროექტი დამსწრე საზოგადოებას თამარ ტალიაშვილმა გააცნო და ყურადღება ძირითად პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდი შემოგვაქვს აღზრდა-განათლების პროცესის ფუნდამენტად. ეს დოკუმენტი ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, ასევე აღმზრდელებისა და ბაგა-ბაღების მენეჯმენტისთვის“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
კომისიის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საკრებულოს დეპუტატებმა ია მაკასარაშვილმა, ლია ჯახველაძემ, UNICEF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერმა მაკო ყუფარაძემ და ექსპერტმა მაკა ჭიხორიამ დააფიქსირეს.
კომისიის სხდომას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების დირექტორები, UNICEF-ის ექპერტები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0