ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილეს.
აღნიშნული საკითხის შესახებ წერილობითი განცხადებაბიუროს სხდომაზე, ფრაქცია-ქართული „ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ-ვარლამ თავზარაშვილმა წარადგინა. „ვითხოვთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღაძის თანამდებობიდან გადაყენებას“ – აღნიშნულია ტექსტში, რომელსაც თან ოცი დეპუტატის ხელმოწერა ერთვის.
ბიუროს სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ მას აქვს მანდატი და თავისუფალი მანდატით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. ინგა მაღრაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას კორუფციულ გარიგებებსა და თანხების გაფლანგვაში დასდო ბრალი.
„დღეს სხდომაზე შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე პოზიტივი შემიძლია ვთქვა ისაა, რომ აქ ხელმომწერთა დიდი ნაწილი 2012 წელს, ჩვენს გვერდით არ იდგა. 2012 წელს ჩვენ ხელისუფლება შევცვალეთ და მივიღეთ თავისუფლება, რასაც ყველანაირად გავუფრთხილდებით და ვერავის მივცემთ უფლებას მას საფრთხე შეუქმნას. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ მოყვა ტიპიური კარიერისტების და მედროვეების მოსვლა ხელისუფლებაში, ვგულისხმობ ადგილობრივ ხელისუფლებას. ხოლო მათ ჩვეული სტილი მოჰყვათ – კორუფციული გარიგებები, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა – მითვისება, ამის არაერთი მტკიცებულების წარმოდგენა შემიძლია“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს ვარლამ თავზარაშვილმა უსაფუძვლო უწოდა: „ვერ მოვუსმენ თქვენს დაუსაბუთებელ ბრალდებებს. თუ სადმე კორუფციული გარიგებები იყო, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. ეს ბიუროს სხდომაა და ნუ ავცდებით საკითხს.“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს გონივრული და დროული უწოდა და ინგა მაღრაძის ბრალდებებს უპასუხა:
„საკრებულოს თავმჯდომარე ხვდება, რომ თანამდებობა უკვე დაკარგული აქვს. უმრავლესობამ მიიღო დროული და გონივრული გადაწყვეტილება. ეს წაადგება საქმეს და მმართველი რგოლი ჩამოიცილებს პოპულისტებს. ქალბატონ ინგა მაღარძეს გააზრებულიც არ ჰქონდა, რომ კოლეგიალურ ორგანოს მართავდა. ის პოლიტიკური ქულების დასაწერად მიზანმიმამართულად იბრძოდა გამგებლის, გამგეობის და დეპუტატთა უმრავლესობის წინააღმდეგ. არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ უნდა ყოფილიყო მიღებული, დეპუტატთა უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მასთან მხოლოდ კონსულტაციებს გადიოდნენ მისი თანაპარტიელები და მასთან გარიგებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მისი ქმედება და მუშაობა ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებით მიმდინარეობდა. ახლა, როდესაც მიხვდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას დაკარგავს, საუბრობს, რომ თურმე მუნიციპალიტეტში პრობლემებია. საინტერესოა თუ პრობლემები არსებობდა, აქამდე რატომ იყო გაჩუმებული ინგა მაღრაძე, სკამის დაკარგვის შიშით ხომ არა? ქალბატონი ინგა ხშირად აპელირებს თანამდებობის პირთა დანაშაულებრივ ქმედებებზე, რისი არგუმენტები და მტკიცებულებებიც არ გააჩნია.“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
დატოვებს თუ არა თანამდებობას საკრებულოს თავმჯდომარე, ამ საკითხზე დეპუტატები საბოლოო გადაწყვეტილებას, პირველ აგვისტოს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღებენ.