საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ კანონების განხილვას აჩქარებს, რომელიც დღევანდელ პოლიტიკასთან არის კავშირში

03/08/2016

აშკარაა, რომ ძველი ხელისუფლების დროს ბევრი ცუდი კანონია მიღებული, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ კანონების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას აჩქარებს, რომელიც დღევანდელ პოლიტიკასთან არის კავშირში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, “საკონსტიტუციო სასამართლო მიმხრობილი იყო პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე, რაც მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას აფერმკრთალებს“.

“თავისუფლება, რომელიც 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა მოიტანა, საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეეხო. შესაბამისად, უკვე მოსამართლეებმაც დაიწყეს თავიანთი მოსაზრებების გამოთქმა. ფაქტია, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფ მოსამართლეთა რაოდენობა ვერ დადგინდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გვარწმუნებდა, რომ მოსამართლეები იყვნენ ზეწოლის ქვეშ. ეს ყველაფერი სავარაუდოდ, ერთ მოსამართლეზე დავიდა და ის ერთი მოსამართლეც ვერ იქნა იდენტიფიცირებული, რომელიც იტყოდა, რომ მასზე ამა და ამ ხასიათის ზეწოლა განხორციელდა. ჩემთვის საგანგაშოა არა ის, რომ ძველი ხელისუფლების დროს მიღებულ ცუდ კანონებს აუქმებენ, არამედ ყურადსაღებია, თუ რამდენად სწორად ხდება განსახილველ კანონებზე სარჩელების შერჩევა. აშკარად ეტყობა, რომ ძველი ხელისუფლების დროს ბევრი ცუდი კანონია მიღებული, მაგრამ სასამართლო მხოლოდ იმ კანონების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას აჩქარებს, რომელიც დღევანდელ პოლიტიკასთან არის კავშირში. მაგალითად, პროფკავშირებს შეტანილი აქვს საკონსტიტუციო სარჩელი კომპენსაციების თაობაზე, რომელიც სამი-ოთხი წელია დევს. ძალიან ბევრ პირს შეტანილი აქვს სარჩელი, რომელიც ჩამორთმეულ ქონებას ეხება და ისიც რამდენიმე წელია დევს. მე პრობლემას იმაში კი არ ვხედავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძველი ხელისუფლების დროს მიღებულ ცუდ კანონებს აუქმებს, არამედ იმაში, რომ სარჩელების რიგითობა მისი პოლიტიკური მნიშვნელობით განისაზღვრება“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0