საქართველოს ჰყავს ეფექტური და გამჭვირვალე მთავრობა, საუბარი აღარ არის კორუფციაზე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია მოქალაქის კონკურსის ”სტუდენტური თვითმმართველობისთვის” გამარჯვებულთა დაჯილდოვებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილმა კონკურსის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პროექტის ძირითადი შედეგი არის ის, რომ ”გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობა”.
”ჩემი დამოკიდებულება ადგილობრივ თვითმმართველობაზე შემიძლია მარტივად გაჩვენოთ. ეს არის ერთადერთი რეფორმა იმ მრავალ რეფორმას შორის, რომელსაც მე დაჟინებით დავუჭირე მხარი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ინიციატივა იყო, თუმცა თენგიზ შერგელაშვილი უწევდა ორგანიზებას ამ ყველაფერს”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ რეფორმის გაგრძელებას ეხმარება.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სახელმწიფოს ეფექტური მმართველობისთვის მნიშვნელოვანია.
”თბილისიდან ტყიბული ვერ მართავ ისე ეფექტურად, როგორც ადგილობრივები მართავენ. არა მარტო ადგილობრივი მართვა, არამედ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ჩამოყალიბება და გაზრდა ხდება. ადგილებიდან ცენტრშიც ხშირად მოდიან პოლიტიკოსები და ეს ხელს უწყობს ქვეყნის მართვის გაჯანსაღებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ქვეყნის ეფექტურ მართვაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ივანიშვილმა ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალმა გუნდმა ახალი ხელწერით რეგიონული კრიზისის და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის ფონზე, მოხერხა ის, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკასა და სხვა ტიპის მმართველობაში ყველაზე ეფექტური გამოდგა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ეფექტური და გამჭვირვალე მთავრობა, საუბარი აღარ არის კორუფციაზე.
”ისევ ილიას სიტყვებს გავიხსენებ, რაც მე ძალიან მიყვარს და ხშირად ვიხსენებ ჩემს გამოსვლებში, რომ საკმარისი არ არის კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. მეცნიერებაში სტუდენტობაც იგულისხმება. იმას რასაც აკეთებ, პროფესიას ეუფლები, თუ უკვე პროფესიონალი ხარ და კარგად ასრულებ შენს მოვალეობას, ილია ამბობდა არ არის საკმარისიო. ამავდროულად, საერთო საქმეზეც უნდა იფიქრო, სახელმწიფოზეც უნდა იზრუნო – ეს ელემენტარული პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება თითოეულ მოქალაქეს გააჩნდეს, პირნათლად უნდა შეასრულო. თუ გინდა, რომ წარმატებული ქვეყანა იყოს, ის წარმატებულმა, სწორად შერჩეულმა ხალხმა უნდა მართოს. ეს ჰქონდა სწორედ ილიას მხედველობაში, რომ თითოეულმა უნდა იაქტიუროს. 3 თვის შემდეგ ჩვენ სერიოზული, პრინციპული არჩევნები გველოდება წინ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ძალიან იაქტიუროთ, სწორი ანალიზი გააკეთოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.