საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით, გოდერძის სათხილამურო კურორტზე საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან არჩილ ხაბაძესთან ერთად დაესწრო.
საინვესტიციო ფორუმში, რომელზეც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, გოდერძის კურორტის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. პოტენციურმა ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ და ასევე გაეცნენ ახალი სასტუმროს პროექტს, რომელიც, დაინტერესების შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულებებით შესაძლებელია გადაეცეთ მფლობელობაში.
საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში. კურორტზე ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. საბოლოო გეგმის მიხედვით, კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრს შეადგენს. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი, სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის“ განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.
ფორუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საინვესტიციო ფორუმი გოდერძის სათხილამურო კურორტზე
03/04/2016