საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. დელეგაციის მიერ დადებითად შეფასდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობა. აღინიშნა, რომ წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პეჰშო, შეხვედრას ესწრებოდა ასევე სელიმ შეკირი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის უფლებამოსილებას ოფიციალურად ივნისში შეუდგება. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა დაესწრნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში იმყოფებიან. მისიას მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
13/05/2019