საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსისვილმა, რომელმაც მედიის წინაშე 2016 წელს ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება შეაფასა. მისი განცხადებით, 2016 წლის აპრილში საქართველოს 462 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 171,235 შეადგინა. ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20% პროცენტით გაიზარდა.
საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ასევე დაფიქსირდა 4 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 1,596,916, ზრდამ კი 15.4% შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც და მან 578,100 შეადგინა, რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უცხოური ტურიზმიდან 2015 წლის ჯამურმა შემოსავალმა საქართველოში შეადგინა 1.94 მილიარდი დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 8.3 პროცენტით მეტია, ტურიზმის წილმა კი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7%-ი შეადგინა.
2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია +26%, ლატვია +25% და საფრანგეთი +14%. შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (+29%) და უზბეკეთი (+64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (+36%) და მოლდოვა (+36%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (+106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.
ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო სამთავრობო პროექტს „Check in Georgia“, რომელიც მოიცავს მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მთელი საქართველოს მასშტაბით. დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა
04/05/2016