საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სტიქიის შემთხვევაში, საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანების, საბაჟო-გამშვები პუნქტისა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია ქალიაშვილმა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორმა იოსებ ოზაშვილმა მოინახულეს.
ამ დროისთვის, ობიექტზე კლდეში რიგელების განთავსება დასრულდა და დაიწყო ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ბურჯები და კიბის უჯრედები.
პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ სპეციალური საგუშაგოში 24 საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას.
სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო და მათი დასრულება 2016 წელს იგეგმება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს.
მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.
„საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობა მიმდინარეობს
06/05/2016