საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

06/02/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება, ევროპარლამენტის მიერ, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, კენჭისყრის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კანონმდებლებმა, რამდენიმე სასესხო ხელშეკრულება განიხილეს. საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ ფინანსური ხელშეკრულება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. ხელშეკრულების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სესხის სახით, 100 მლნ. ევროს გამოუყოფს, რომლის ხანგრძლივობა 12 წელია. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბენეფიციარებისთვის, 5 წელი იქნება შეღავათიანი პერიოდი. საპროცენტო განაკვეთი იქნება ლარში, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ პროექტს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, თითოეული ტრანშის ჩარიცხვის დროს, საშუალება გვექნება მივიღოთ გადაწყვეტილება – იყოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი თუ ცვლადი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული რესურსით მებაღეობის და მეღვინეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტები დაფინანსდება. იგი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის მთლიან ციკლს – კერძოდ, წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის პროცესს მოიცავს.

საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტის დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, საქართველოს, სესხის სახით 100 მლნ. ევრო 25 წლის ვადით გამოუყო. მათ შორის 5 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დამოკიდებული იქნება.
„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა.
მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული რესურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების, ქუჩების, წყალსადენების და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად იქნება მიმართული. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 1,6 მლნ ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და BP-მ კი, დაახლოებით 2.4 მლნ. ევროს ოდენობის გრანტი. პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა და ახალი აღჭურვილობის შეძენა განხორციელდა.
მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „2009 წლის 2 ივნისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში N1 ცვლილების შეტანა, „ნარჩენების მართვის კოდექსის” დებულებების გათვალისწინებით, რუსთავის ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემამ განაპირობა. მისი თქმით, აღნიშნული კაპიტალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში გადავა, რადგან სწორედ მის კომპეტენციაში შედის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა, დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა.

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევროს გამოუყოფს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სესხის ხანგრძლივობა 30 წელია, მათ შორის 7 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ზე ან LIBOR-ზეა დამოკიდებული.
აღნიშნული რესურსით გათვალისწინებულია შემდეგი საავტომობილო გზების დაფინანსება: უბისა-შორაპანი, გრიგოლეთი-ფოთი, გრიგოლეთი-ჩოლოქი, რუსთავი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საჩხერე-რაჭა, საირმე-აბასთუმანი.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს, 2011-2019 წლებში 500 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლიც ფარგლებშიც უკვე გამოყოფილია ხუთი ტრანში და მისი ჯამური მოცულობა დაახლოებით 400 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებით, (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 6)“-ის ფარგლებში ბანკი საქართველოს სესხის სახით 99 მლნ. აშშ. დოლარს გამოუყოფს, რომლითაც მარნეულში, ბოლნისში და ჭიათურაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობები დაფინანსდება.
სესხის ხანგრძლივობაა 25 წელია, მათ შორის 12 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია LIBOR-ზე.
საქართველოს მთავრობისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება კომიტეტების წევრებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 13 ოქტომბერს ქ. თბილისში მოეწერა, რომლის მიზანია, შემოსავლის წყაროს ქვეყანაში შემოსავლების დაბეგვრა, რომლის დროსაც რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს ეფუძნება.

„ასეთი შეთანხმებების დადების მიზანია, ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესები გააჩნია“, – განაცხადა მომხსენებელმა.

„ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების მიზანია, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის (შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ისლანდია, ნორვეგია) პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. „აღნიშნული შეთანხმების დადება ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქცია 14 მილიონიან ბაზარზე სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე გაიტანონ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ გაბუნიამ. შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, ვაჭრობის ხელშეწყობა, საქონლის წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, თავისუფალი კონკურენცია და სხვა.კომიტეტების წევრებმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ხელშეკრულებებს მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0